მაკა ბოჭორიშვილი: სასურველია, დიპლომატები არ ეხვეოდნენ სკანდალებში

,,სასურველია, დიპლომატები არ ეხვეოდნენ სკანდალებში და იცავდნენ ვენის კონვენციას. ვიმედოვნებ, მსგავს საკითხებს გავლენა არ ექნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მამუკა ხაზარაძესა და პიტერ ფიშერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატები ადგილსამყოფელ ქვეყანაში გარკვეულ წესებს უნდა იცავდნენ.

„ზოგადად, დიპლომატები ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა იცავდნენ წესებს, იცავდნენ ვენის კონვენციას. სასურველია, დიპლომატები არ ეხვეოდნენ მსგავს სკანდალებში, რაც, ბუნებრივია, შემდგომ გარკვეულწილად აისახება ხოლმე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. მე იმედი მაქვს, რომ მსგავს საკითხებს გავლენა არ ექნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა.

ამასთან, განცხადება გაავრცელა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაში არსებული სახლის ქირაობასთან დაკავშირებით, საკითხი მოგვარებულია, სამართლებრივად დარეგისტრირებულია ხელშეკრულება და გადასახადიც ბიუჯეტში გადახდილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები