ირაკლი ქადაგიშვილი – მამუკა ჯუღელის პოსტზე: უკვე ტერორისტული მოწოდებების ავანგარდშიც გვევლინებიან
,,როგორც ვიცი ეს ადამიანი რაღაც პროექტით ევროკავშირის დაფინანსებასაც იღებს. ჯერ ხომ რადიკალური რევოლუციური მოძრაობის ავანგარდში იყვნენ, ახლა ნელ-ნელა უკვე ტერორისტული მოწოდებების ავანგარდშიც გვევლინებიან”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, აქტივისტ მამუკა ჯუღელის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ეს არის იმ მავნე პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკაც მთელი ამ წლების განმავლობაში სამწუხაროდ საქართველოში აწარმოვეს. გამოძიება მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის გამოხტომებს შესაბამისი პასუხი უნდა მიეცეს სულ მცირე ევროპის სტანდარტებით მაინც.
პოსტი რომ გამოაქვეყნო, რომელიც მათი პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელია, ციხე გარანტირებული გაქვს. ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აქტივისტი მამუკა ჯუღელი პოლიტიკოსების მკვლელობის საჯარო მოწოდებით გამოვიდა, მან სოციალურ ქსელში სია გამოაქვეყნა.
სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე, სოზარ სუბარი, შალვა რამიშვილი, ანდრია ჯაღმაიძე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი რუხაძე, გეკა გელაძე.