2 აგვისტო რევაზ თაბუკაშვილის დაბადების დღეა
დღეს 98 წელი შესრულდა რევაზ თაბუკაშვილის დაბადებიდან. 5 აგვისტოს 35 წელი გასრულდება მისი გარდაცვალებიდან. ხანმოკლე იყო ამ გამორჩეული მამულიშვილის სიცოცხლე, მაგრამ თვითონვე აქვს ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში: „მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს ცხოვრობს კაცი, არამედ ის, თუ როგორ ცხოვრობს“..
კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს დრამატურგის, მთარგმნელის, კინოდოკუმენტალისტის ხსოვნას…
„მრავალმხრივი შემოქმედი და ჭეშმარიტი საზოგადო მოღვაწე.
ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების საგანძურშია შექსპირის სონეტების მისეული თარგმანები.
ქართული სულიერებისა და ეროვნული მადლიერების საუკეთესო გამოხატულებაა მისი დოკუმენტური ფილმები, განსაკუთრებით, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, ექვთიმე თაყაიშვილის განუზომელ ღვაწლს რომ ასახავს.
ფორმულასავით დაგვრჩა პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმის მისეული განმარტება:
„პატრიოტიზმი არ არის პროფესია. პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი, ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. .