მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უზბეკეთის სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ვაჭრობაზე, რომელიც ზრდადი დინამიკით ხასიათდება – 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 40 პროცენტით, ექსპორტი კი – 27 პროცენტით გაიზარდა, რაც შეეხება 2025 წელს, იანვარი – მაისის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 20 პროცენტით, ექსპორტი კი 46 პროცენტით გაიზარდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სავაჭრო ბრუნვის ზრდადი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი დიდია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია მეტად ითანამშრომლოს უზბეკეთის მხარესთან, ასევე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ჩატარება.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას უზბეკური ტვირთების საქართველოს დერეფანში ტრანსპორტირების კუთხით.
შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო – ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, მათ შორის, დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება, თბილისის ახალი აეროპორტი და სხვ. უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარების პროცესში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზეც. მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე, თავის მხრივ, აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია საკუთარი მწვანე ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, რისთვისაც განიხილავს თანამშრომლობას დერეფნის სხვა მონაწილე ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფერო კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რომელზეც საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოში ფუნქციონირებენ უზბეკური ინოვაციური კომპანიები. უზბეკეთის მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს გამოცდილება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა, რომ ბოლო წლებია საქართველოსა და უზბეკეთს შორის სამი ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირ ფრენებს, რაც დადებითად აისახა საქართველოში უზბეკეთიდან ვიზიტორების ზრდაზე – 2024 წელს ეს მაჩვენებელი 23,4 პროცენტით გაიზარდა, 2025 წლის პირველ ნახევარში კი – 14,5 პროცენტით. ითქვა, რომ პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის დამატებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სექტორში.
შეხვედრას უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი.