ნინო წილოსანი უკრაინის მიერ ანტიკორუფციული სტრუქტურების შესახებ მიღებული კანონის კრიტიკაზე: ქვეყანას, რომელიც ომშია ჩართული და დასავლეთის პოლიტიკოსების თქმითვე, სხვების ხარჯზე ღვრიან უკრაინელების სისხლს, არ პატიობენ ერთ პატარა, შიდა სტრუქტურულ გადაწყვეტილებასაც კი
„გარედან, უპირობოდ დავალებების შემსრულებელი ხელისუფალი როცა ხარ, ერთ პატარა თვითნებობასაც არ გაპატიებენ და ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების და ლიდერების თავსდამტყდარი კრიტიკის ტალღა სწორედ ამას უკავშირდება,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ქვეყანას, რომელიც ომშია ჩართული და დასავლეთის პოლიტიკოსების თქმითვე, სხვების ხარჯზე ღვრიან უკრაინელების სისხლს, არ გაპატიებენ ერთ პატარა, შიდა სტრუქტურულ გადაწყვეტილებასაც კი და ხდება ის, რასაც ვუყურებთ: უმაღლესი თანამდებობის პირები გამოდიან, აკრიტიკებენ ზელენსკის და მის თანაგუნდელებს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, ამ კრიტიკის ტალღას როგორ გაუძლებს უკრაინის პრეზიდენტი, ომში მყოფი ქვეყანა, რომელიც სამწუხაროდ ამ დიდი შეტევებისა და კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება. მანამდე ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რასაც კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ევრობიუროკრატიამაც გააკრიტიკა.