„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რაც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული; ეს გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც, მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, აღარ იქნება წამალდამოკიდებული” – სარჯველაძე

„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რაც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული; ეს გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც, მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, აღარ იქნება წამალდამოკიდებული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას და მათი არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.

„ადრე, მანკიერი, ე.წ. ლიბერალური მიდგომებით, ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული. ის არ ფუნქციონირებდა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გვექნება შესაცვლელი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული ნაწილი შედეგზე იყოს ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, სულ მცირე, შეძლებს, აღარ იყოს დამოკიდებული წამალზე. ამისთვის, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული.

ჩვენ, ამ მხრივ, ფართო მასშტაბით გვაქვს მუშაობა დაწყებული. მათ შორის – ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, ესეც თავის მხრივ, მკურნალობის ეფექტიანობას ემსახურება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია პროცედურები, პროგრამების შემუშავება, ფსიქოლოგის ჩართულობა.

15 აგვისტოდან, უქმდება კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას და შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი მოვარგოთ პაციენტების ინტერესებს, თუმცა მათაც მოუწევთ სიახლეების მიღება.

ჩვენ შევქმენით ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც ყველაფერი გვაქვს მზად, რომ დავიწყოთ იმ პროგრამის განხორციელება, რასაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ნებისმიერ გამოწვევისთვის მზად ვართ, ვინაიდან არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე და როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. გზადაგზა ბევრი რამ გვექნება დასაგეგმი. ჩვენ ამ გეგმებზე ვმუშაობთ.

ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 100-დან 150 ადგილამდე გვექნება განსაზღვრული“, – განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები