მიხეილ სარჯველაძე: C ჰეპატიტისგან, 87 000 პაციენტი განიკურნა

„დღეის მდგომარეობით, C ჰეპატიტისგან განიკურნა 87 000 პაციენტი. ეს ნიშნავს, რომ 87 000-ს ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ამასთან, დაავადება აღარ ვრცელდება და ეს განსაკუთრებული წარმატებაა “, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, C ჰეპატიტის პროგრამის წარმატება მასში ჩართული კლინიკების, მათ შორის თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფოსა და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურად მუშაობის შედეგია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს გამოცდილება იქნება B ჰეპატიტის მართვის პროგრამის წარმატების გარანტი.

„ყველამ, ვისაც B ჰეპატიტი აქვს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამის კლინიკებს. სამწუხაროდ, ეს დაავადება სრულად არ იკურნება. თუმცა, ისეთ რემისიაში გადადის, რომელიც ადამიანის სიცოცხლის რისკს ანეიტრალებს. პროგრამაში ჩართვისთანავე, თითოეული პაციენტი, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მიიღებს აბსოლუტურად უსაფრთხო მკურნალობას, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მუდმივად იხვეწება და ვითარდება, მარტივდება ბიუროკრატიული პროცედურები, რაც ბენეფიციარებს მაქსიმალურად ეფექტური და ხარისხიანი მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები