მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო – უზბეკეთის სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ავიაციისა და ტურიზმის, აგრეთვე ინვესტიციების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებს.
აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, რასაც ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკა მიანიშნებს – 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 40 პროცენტით, ექსპორტი კი 27 პროცენტით გაიზარდა, მსგავსი დინამიკაა 2025 წლის პირველ ნახევარშიც – ბრუნვა 20 პროცენტით, ექსპორტი კი – 46 პროცენტითაა გაზრდილი. ამის მიუხედავად, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის საქმიანი წრეების მეტი დაახლოება, მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელება, რაც, თავის მხრივ, მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი პროექტებისა და პლატფორმების შემუშავებაზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოში წარმოებას და გაზრდის სატრანზიტო და საექსპორტო შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ უპირატესობის ათვისებაზე, რაც საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მეშვეობით. კერძოდ, საქართველოში წარმოებული პროდუქტებისთვის 2.3 მლრდ. საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომა უზრუნველყოფილია თავისუფალი ვაჭრობის მეშვეობით, მათ შორისაა ევროკავშირის ბაზარიც, რის შესახებაც უზბეკეთის მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხორციელდება სამუშაო ვიზიტები, რომლის დროსაც განისაზღვრება სექტორები, სადაც შესაძლებელი იქნება ორმხრივი საწარმოების ამოქმედება.
შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.