მედია: ევროკომისიის პრეზიდენტმა ახალი ანტიკორუფციული კანონის თაობაზე ზელენსკის განმარტებები მოსთხოვა
ევროკომისია ამკაცრებს ტონს უკრაინის ახალი კანონის საპასუხოდ, რომელიც ორი ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას ასუსტებს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა.
„პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გამოხატა თავისი დიდი შეშფოთება ცვლილებების შედეგებთან დაკავშირებით და უკრაინის მთავრობას განმარტებები მოსთხოვა. კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირეული ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ამ სტანდარტების სრულად დაცვას მოელიან“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
გენერალურ პროკურორს უფლება ექნება შეარჩიოს NABU-სა და SAPO-ს მიერ წარმოებული საქმეები და გადასცეს ისინი სხვა სახელმწიფო ორგანოებს, რაც კრიტიკოსების თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს უფლებამოსილებას, გავლენა მოახდინოს გამოძიებებზე, განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებზე.