ლევან მახაშვილი: ჩორჩანასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა
“ჩორჩანასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ეს შეეხება ჩვენი სამშობლოს ერთ მილიონ კვადრატულ მეტრს და 2012 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, რომელიც დროებით, მაგრამ არის დღესაც ოკუპირებული. ჩორჩანასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან კარგია, რომ კონკრეტული პირები აძლევენ ჩვენებას საგამოძიებო უწყებებს. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გიორგი გახარია და როგორც იკვეთება, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, რასაც სხვადასხვა მოწმე ადასტურებს“, – აცხადებს მახაშვილი.
ცნობისთვის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში დღეს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას ელოდებიან.