ლევან მახაშვილი: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ბოროტად იყენებს წევრობას, განსაკუთრებით საუბარია  ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, ისინი ბოროტად იყენებენ ევროკავშირის მექანიზმებს მესამე ქვეყანასთან მიმართებით გაატარონ თავიანთი ინტერესები

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირი სამუშაო დოკუმენტებს 2017 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აგზავნის, სადაც რეკომენდაციებია გაწერილი და ამ რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს უკვე შესრულებული აქვს, მათ შორის არის ემიგრაციის კანონის გამკაცრება და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

როგორც მახაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, საქართველოს აღშფოთებას იწვევს ის, რომ ევროკავშირი საქართველოში მიღებული კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, რაც მიუღებელია.

„ეს არის ჩვეულებრივი, კომისიის სამუშაო დოკუმენტი და ეს მე-7 დოკუმენტია, პირველად კი არ მოხდა. მე-7 დოკუმენტია, რაც ევროკომისიამ საქართველოს წარუდგინა. 2017 წლის შემდგომ, ყოველწლიურად ევროკომისია აფასებს სიტუაციას, გარკვეულ რეკომენდაციას გასცემს, ხელისუფლება ახორციელებს ამ რეკომენდაციებს და ასე გრძელდება ყოველწლიურად. ამ რეკომენდაციების მთავარი არის არის ის, რომ ამ სისტემამ გამართულად იმუშაოს. პრობლემა არ შეიქმნას საზღვარზე, თავშესაფრის ნაწილში, უკანონო მიგრაციის ნაწილში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში და ა.შ. რეალურად, ჩამონათვალის ბევრი ნაწილი საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს. მაგალითად: მიგრაციის გამკაცრებული კანონი, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, განსაკუთრებით ნარკოტიკების მიმართულებით. მაგრამ, ჩვენი აღშფოთება რამაც გამოიწვია არის სწორედ ეს კონკრეტული კანონები, რადგან აქ საუბარი გვაქვს რამდენიმე პრინციპულ კანონზე, „გამჭვირვალობის კანონზე“ და მეორე, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონზე. ასევე, საუბარი იყო ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში ლგბტ საკითხების ჩაწერა. ამაზე ჩვენ თავის დროზეც გვქონდა კითხვები და დღესაც სულ ამას ველოდებით. საქმიანად, შინაარსიანად დავილაპარაკოთ, ვისაუბროთ დიალოგის რეჟიმში, მაგალითად: ევროკავშირის რომელ კანონმდებლობაში, სად წერია, რომ გამჭვირვალობა არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებას ან რომელ კანონმდებლობაში წერია, რომ ოჯახური ღირებულებები ასე ან ისე იყოს დაცული. ან ოჯახი უნდა შედგებოდეს ქალისა და მამაკაცისგან ან სხვანაირად. ეს არის რიტორიკული კითხვები, რადგან არსად არ წერია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციაა თავად განსაზღვრონ რას იზამენ და ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული მიდგომა. მაგრამ აქ რაც ხდება და რა პროცესთან გვაქვს საქმე არის ის, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ბოროტად იყენებს თავის წევრობას, აქ განსაკუთრებით საუბარი გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. ისინი ბოროტად იყენებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და მექანიზმებს და ამ საკითხების ჩატენვით, მესამე ქვეყანასთან მიმართებით გაატარონ თავიანთი ინტერესები“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები