“თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ბევრი წიგნი იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურიდან, არამედ არამხატვრული, სამეცნიერო, სამეცნიერო- პოპულარული ჟანრებიდან”- ორგანიზატორები ფესტივალის შესახებ
“თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 29 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით გაიმართება, ბევრი წიგნი იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურიდან, არამედ არამხატვრული, სამეცნიერო, სამეცნიერო – პოპულარული ჟანრიდან “- ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ განაცხადა.
ფესტივალს „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონი უმასპინძლებს. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანი, წიგნის კითხვის პოპულარიზება, საგამომცემლო სექტორის გაძლიერება და რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებაა.
“კვირას” პრესკლუბში წიგნის ფესტივალის შესახებ „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანო პიპინაშვილმა ისაუბრეს.
“თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ჩასატარებლად ვემზადებით. უკვე 27-ე ჯერი იქნება, ტრადიციულია და ბუნებრივია, მკითხველები ძალიან ელოდებიან. წელს ფესტივალის სპეციფიკა არის ის, რომ უფრო მეტად წარმოჩნდებიან საშუალო და პატარა გამომცემლები, მათი ნამუშევარი, მათი წვლილი, საერთო ქართულ საგამომცელო საქმეში, რომელიც ხანდახან, შეიძლება, რიგითი მკითხველისთვის ისეთი თვალსაჩინო არ იყოს. ამ სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენს ფესტივალზე ბევრი წიგნი იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურიდან, არამედ არამხატვრული, სამეცნიერო, სამეცნიერო – პოპულარული ჟანრიდან. მკითხველი, ფესტივალზე მოსვლით, ალბათ, განსაკუთრებით დაინტერესებული იქნება. ფესტივალზე, რასაკვირველია იქნება დიდი ფასდაკლებები. ამავდროულად, ფესტივალზე გამომცემლები ახალ ნამუშევრებს გამოიტანენ. ეს ახალი ნამუშევრები შეიძლება, იყოს როგორც კონკრეტული წიგნები, ასევე მთელი სერია. რამდენიმე ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ზუსტად ამ მიმართულებითაა ჩანიშნული – მკითხველის წინაშე მთლიანი სერია წარდგება”- განაცხადა ლებანიძემ.
მისივე თქმით, წიგნის ფესტივალზე ფასდაკლებების დიდი სპექტრი იქნება.
“ფასდაკლებები, რა თქმა უნდა, მონაწილეების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება, ზოგს შეიძლება, 25%-იანი ფასდაკლება ჰქონდეს , ზოგს 85%-იანი. ანუ, ფასდაკლებების ძალიან დიდი სპექტრია. რასაკვირველია, მკითხველისთვის ნებისმიერი ფასდაკლება სასიამოვნოა და რადგან იციან, რომ ფასდაკლებების ყველაზე მეტი წილი სწორედ ფესტივალებზე მოდის, ამიტომაც მათი სტუმრობის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია, სწორედ ესაა. წელს გარდა ამისა, ბევრი საჩუქარიც გვექნება. მკითხველებისთვის ვაუჩერებს გავათამაშებთ, “სოკარის” მხარდაჭერით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ფესტივალის ძირითადი მხარდამჭერები თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო არიან. გარდა ამ ვაუჩერებისა, ერთგვარი ინტერაქციული თამაში იქნება, რომელსაც პირობითად “ნადირობა წიგნზე” , ან “ბრმა პაემანი წიგნთან” ჰქვია. მოკლედ, საინტერესო სიურპრიზებია.
ამის გარდა, მინდა, წინ კიდევ ერთი თემა წამოვწიო: მართალია, ფესტივალი თბილისში ტარდება და ყველა თვალსაზრისით აქცენტი თბილისზეა, წელს რეგიონებიდან ბიბლიოთეკარები ჩამოვლენ. სპეციალურად მათთვის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და მწერალთა სახლთან თანამშრომლობით ახალი წიგნების შესყიდვის პროექტი, ე.წ. ვაუჩერიზაციის პროექტია განკუთვნილი. ამის დანიშნულება ჩვენი ბიბლიოთეკებისთვის წიგნის ფონდის განახლებაა”- განაცხადა თამარ ლებანიძემ.
მისივე თქმით, ფესტივალს უცხოელი მონაწილეებიც ჰყავს. თამარ ლებანიძემ იმ ფორმატების შესახებაც ისაუბრა, რომელიც სპეციალურად ავტორებისთვისაა განკუთვნილი.
“რაც შეეხება ფესტივალის მონაწილეებს: მინდა, ყურადღება ჩვენს საერთაშორისო, უცხოელ მონაწილეებზე გავამახვილო, მაგალითად, უკვე არაერთი წელია, ჩვენს გვერდითაა ირანის საელჩო საქართველოში, რომლებიც წელს თარგმანს წარმოადგენენ. მოგეხსენებათ, საქართველოში სპარსული ლიტერატურის, როგორც კლასიკურის, ისე თანამედროვე ლიტერატურის თარგმნას ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და მათ ეს ნიმუშები ექნებათ წარმოდგენილი. გარდა ამისა, ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ისაუბრებენ, როგორიც თეირანის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაა. ასევე არის “იუნუს ემრეს ცენტრი”, თურქეთის კულტურული ინსტიტუცია, რომლის ფილიალი თბილისშია და ისინი მკითხველის წინაშე სტენდით წარდგებიან. ასევე აზერბაიჯანის დელეგაცია გვეწვევა, მათაც ცალკე სტენდი დაეთმობათ და ფესტივალზე აზერბაიჯანის საელჩოდან ელჩს ველოდებით.
რაც შეეხებათ ავტორებს: წელს ჩვენ ავტორებისთვის ორი საინტერესო ფორმატი ჩავიფიქრეთ, ერთი რომელიც გულისხმობს იმას, რომ ავტორს, ავტორ-გამომცემელს ,რომელსაც გამოცემული ერთი, ან რამდენიმე წიგნი აქვს, შეუძლია, ფესტივალზე მოვიდეს. შესაძლოა, მას წინა წლებში საშუალება არ ჰქონდა, სტენდი ექირავებინა, მაგრამ წელს სპეციალური მაგიდა, სპეციალური კუთხე იქნება, ასეთი რამდენიმე ავტორი იქნება წარმოჩენილი. გარდა ამისა, მათ ეძლევათ საშუალება, თავიანთი ნაშრომი ფესტივალის მონაწილე გამომცემლობების წინაშე თავად წარადგინონ. წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ, მათ შეუძლიათ, საგამომცემლო პროექტი შესთავაზონ, ეს შეიძლება, იყოს ორიგინალური ნაწარმოები, თარგმანი, პოეზიაც, პროზაც. თავიანთი ჩანაფიქრის წარდგენა დიალოგის რეჟიმში შეეძლებათ და იმედი მაქვს, რომ ახალ პროექტებს დაედება საფუძველი.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ფესტივალზე ბევრი წიგნი არამხატვრული ლიტერატურიდან იქნება წარმოდგენილი. ასევე იქნება ბავშვებისთვის განკუთვნილი ინტერაქციული აქტივობები, იმ ტიპის ლიტერატურა, რომელიც საგანმანათლებლო დანიშნულებისაა და წელს ფესტივალზე გამომცემლები ამ გამოცემებით პირველად წარდგებიან.
შეუძლებელია, ეს ფესტივალი მკითხველს დაეკარგოს. ყველას მოეხსენება, რომ ქვეყანაში რთული ფონია და თითქოს, სადღესასწაულო განწყობა არაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ დღესასწაულები, მით უმეტეს, ტრადიციული დღესასწაულები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ეს მნიშვნელოვანია და პლუს ამას, განწყობა, ტონუსი უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ ვიცხოვროთ, ვიმოქმედოთ, განვვითარდეთ, მეტი განათლება მივიღოთ. თვითგანვითარების, განათლების მიღების თვალსაზრისით, საუკეთესო გზა, რა თქმა უნდა, წიგნებია”- განაცხადა თამარ ლებანიძემ.
ანო პიპინაშვილის თქმით, პატარა და საშუალო გამომცემლობები სექტორის ძალიან საინტერესო წარმომადგენლები არიან და მნიშვნელოვანია, რომ ისინი მკითხველს შეხვდებიან, თავს გააცნობენ.
“ფესტივალი 29 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით გაიმართება. ეს ოთხი დღე ჩვენი კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც წიგნები უყვარს, ვისაც ბავშვები ჰყავს. ფესტივალი ყოველთვის იყო მეგობრების თავშეყრის, ოჯახისთვის დროის ერთად გასატარებელი ადგილი და ამ ფორმატს ჩვენ წელსაც ვინარჩუნებთ. შესაბამისად, ამ ოთხი დღის მანძილზე ყველა თაობის ადამიანს ჯადოსნური დღეების გასატარებლად ველოდებით. ფესტივალის კარი 11:00 საათზე გაიხსნება და ღონისძიებები 20:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც აღინიშნა, წლევანდელი ფესტივალი აქცენტს, პატარა და საშუალო გამომცემლობებზე აკეთებს. რეალურად, ეს გამომცემლობები და გამავრცელებლებიც ამ სექტორის ძალიან საინტერესო წარმომადგენლები არიან, თუმცა შეიძლება, ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილები. პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე მეტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი მკითხველს ხვდებიან და თავიანთ თავს აცნობენ. მკითხველი იქ განსაკუთრებულ, იმ განსხვავებულ გამომცემლებს და გამავრცელებლებს პოულობს, რომლებიც შეიძლება, არ იცოდეს და მათთვის ყველა ფეხის ნაბიჯზე შესაძლოა, თვალსაჩინო არ იყოს.
მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ეს ფესტივალი არსებობს, ტენდენცია ასეთია, რომ ჩვენი მონაწილეები წლიდან წლამდე ფესტივალს ელოდებიან. მათთვის ეს ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად, ამ მომენტში არსებობა რთულ სიტუაციაში გვიწევს (იმ ზოგად ფონს ვგულისხმობ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება), რაღაც ცვლილებები არის, თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფესტივალი იყოს ისეთივე ხარისხიანი, წარმატებული, იმდენივე სტუმრით, მონაწილეებისთვის, სტუმრებისთვის ისეთივე ბედნიერების მომტანი, როგორიც წინა წლებში იყო”- განაცხადა პიპინაშვილმა.
თამუნა შეყილაძე