ნანა კაკაბაძე – „მეგობარი აქტზე“ რეაგირებაზე: როდესაც რადიკალების ლობისტების საშუალებით კარგად ორგანიზებული საერთაშორისო შეტევა მიმდინარეობს შენს სახელმწიფოზე, ამაზე გაჩუმება იქნებოდა მონური მორჩილების აშკარა გამოხატულება
ახალი ადმინისტრაციის პოზიციებში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვეთი, მაგრამ ამასობაში, როდესაც რადიკალების ლობისტების საშუალებით კარგად ორგანიზებული საერთაშორისო შეტევა მიმდინარეობს შენს სახელმწიფოზე, ამაზე გაჩუმება და თავზე ნაცრის წაყრა იქნებოდა მონური მორჩილების აშკარა გამოხატულება, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში, რითაც „მეგობარი აქტს“ ეხმიანება.
„საჭირო იყო თუ არა რეაგირება „მეგობარი აქტზე“
ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას თუ ქმედებას ვიცით რომ ოპოზიცია ხიშტებით ხვდება, ეს არახალია, მაგრამ ცოტა სასაცილო მდგომარეობა შეიქმნა აშშ-ს კონგრესის მიერ ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისა და პრემიერის სახელით გაკეთებული განცხადებების შეფასებები.
როგორც მოსალოდნელი იყო, მთელმა ოპოზიციამ ერთხმად დაგმო ეს განცხადებები, მაგრამ საინტერესო იყო ის, თუ რაში განსხვავდებოდა ამ „სასტიკი დაგმობის“ მიზეზები.
რადიკალების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ ეს იყო აშშ-ს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება, მეორენი ამბობდნენ, რომ რუსეთმა დაავალა „ოცნებას“ ამერიკელების გაღიაზიანება იმისათვის, რომ საბოლოოდ ხელი ჩაიქნიონ საქართველოზე და აქეთ აღარც კი გამოიხედონ, სხვების აზრით, პარლამენტისა და პრემიერის ეს განცხადებები იყო „ოცნების“ განწირული ქმედება მას შემდეგ, რაც მათ ტრამპთან ვერ დაალაგეს ურთიერთობები, ვიღაცებმა ისიც კი დაუწუნეს რომ განცხადებებში ჩანდა, თუ როგორი უთავმოყვარეა „ოცნება“, ნახეთ, როგორ ეხვეწებიან აშშ-ს, არიქა, მოგვხედეთ და თქვენი ვიქნებითო.
სხვა უცნაური შეფასებებიც გამოითქვა, მაგრამ მიზანი ამ ყველაფერისა იყო ყველა პოზიციიდან „ოცნების“ გაშავება, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც „მიზანი ერთია, დიადი ნათელი“, გამშავებლებისთვის მიზეზს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა რადიკალის პოზიციის ქვეტექსტი იყო ის, რომ ჩვენი „მამა-მარჩენალი სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს ეს ვიგინდარები როგორ უბედავენ რაიმეზე პასუხის გაცემასო.
არადა ნებისმიერი თავმოყვარე ერი და ხელისუფლება ვალდებულიც კია ღირსეულად და თანასწორის პოზიციიდან უპასუხოს ნებისმიერი სახელმწიფოსაგან მომავალ ბრალდებებს. ამ პასუხის გარჩევას თუ ვინმე აპირებს, მან სწორედ შინაარსზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მიუთითოს, კონკრეტულად რა ნაწილში არ ეთანხმება მიმართვის ავტორებს. რადიკალებს ვინაიდან შინაარსზე შესადავებელი არაფერი აქვთ, ზემოხსენებული ვარაუდებით ცდილობენ ფონს გასვლას.
ვერც ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილში, ვერც ეკონომიკური წინსვლის, ვერც აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ღირებულებათა თანხვედრის, ვერც დიფ სტეიტის მიერ საქართველოში რევოლუციის მოწყობის არაერთი მცდელობის ნაწილში და ვერც განცხადებებში მოყვანილი ვერცერთი სხვა მაგალითის უარყოფა რადიკალებს არ შეუძლიათ, რადგან ყველა სფეროები შეფასებულია ნეიტრალური და კვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ღობე-ყორეს მოდებული ჩვენი ოპოზიციონერები იქამდე მიდიან, რომ საქართველოს „პროჩინურად“ და „პროირანულად“ ნათლავენ. რასაც ამეორებინებენ საკუთარი ლობისტების საშუალებით შეცდომაში შეყვანილ ზოგიერთ ანგარებიან ამერიკელ კონგრესმენებსაც კი.
აშშ-ს და კომუნისტურ ჩინეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას აშშ-ს წარმატებად მიიჩნევენ და ამით სიხარულს ვერ მალავენ. საქართველოს კი ანალოგიური ქმედებას პროჩინურობად და დანაშაულად უთვლიან. ეს ორმაგი სრანდარტები ჩვენს რადიკალებს საერთოდ არ აწუხებთ, არ აწუხებთ დიპლომატიური შემოტევები ქვეყნის შიგნიდან თუ დასავლეთიდან, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. პირიქით, ამ შემოტევების გაღრმავებისთვის და გაძლიერებისთვის არაფერს იშურებენ.
ჩვენი ლიბერ-რადიკალები ტრამპის გამარჯვებას თავიდან დიდი შიშით და სიფრთხილით შეხვდნენ, ბოლო ხანებში კი ცოტა გული მოეცათ, რადგან დაინახეს, რომ დიფ სტეიტის დამარცხების შესახებ ტრამპის დაპირება დაპირებად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში ჯერჯერობით ასეა, რადგან ფაქტია, რომ ახალი ადმინისტრაცია ისევ თანამშრომლობს საქართველოში დიფ. სტეიტის მიერ დაფინანსებულებთან, რომელთა დიდი ნაწილი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ძალადობრივი დამხობით ემუქრება
ბევრი რამაა აუხსნელი ტრამპის პოლიტიკაში, გარეგნულად ისე ჩანს, რომ მას უკრაინასთან და რუსეთთან მხოლოდ ბიზნეს-ინტერესები ამოძრავებს და არა ყბადაღებული მშვიდობა. მას ერთხელაც არ აღუნიშნია ბაიდენის ელჩის დეგნანის როლი და დანიშნულება. მით უმეტეს მაშინ, როცა ტრამპი მუდმივად მშვიდობაზე საუბრობს, ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩი აქ მეორე ფრონტის გახსნას გვიკიჟინებდა
მოკლედ, ახალი ადმინისტრაციის პოზიციებში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვეთი, მაგრამ ამასობაში, როდესაც რადიკალების ლობისტების საშუალებით კარგად ორგანიზებული საერთაშორისო შეტევა მიმდინარეობს შენს სახელმწიფოზე (რაც იფუთება ხელისუფლებაზე ზეწოლის ლოზუნგით), ამაზე გაჩუმება და თავზე ნაცრის წაყრა იქნებოდა მონური მორჩილების აშკარა გამოხატულება. ასეთ შემოტევებზე პასუხის გაცემა არათუ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიც არის, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში სიმართლე სრულად არის საქართველოსა და მისი ხელისუფლების მხარეს“, – წერს ნანა კაკაბაძე.