ლევან მაჭავარიანი: საქართველოს ხელისუფლებას შანტაჟისა და სანქციების არ ეშინია – ჩვენ ვართ ეროვნული, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველომ უცხოეთიდან არაერთ შემოტევას გაუძლო.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მყარად უძლებდა ამ შემოტევებს, რადგან შანტაჟისა და სანქციების არ ეშინია.

„კომფორტია, რომ ჩვენს პრემიერს წითელ ხალიჩებზე ევლო ისე, როგორც ზელენსკი დადის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდებოდა ისეთ ტრაგედიაში, როგორშიც ახლა უკრაინა. ჩვენ მყარად დავდექით, როგორი ტიპის შემოტევები გადავიარეთ უცხოეთიდან.

დღე არ გავიდოდა მაგალითად აშშ-ს ყოფილ პრესსპიკერს არ დაეწყო ჟურნალისტებთან საქართველოზე საუბარი, იგივე ევრობიუროკრატევბისგან, როგორ დელეგაციებს აგზავნიდნენ საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრები იდგნენ ანტისამთავრობო მიტინგებზე, იგივე, ხელოვნურად შემოცურებული კანდიდატის სტატუსის თემა, ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ მეტი აჟიოტაჟი შემოეტანათ ჩვენს საზოგადოებაში, რომ რამენაირად რევოლუციის გზით ჩავენაცვლებინეთ.

ყველაფერს მყარად გავუძელით, ჩვენ არც შანტაჟის და არც სანქციების არ გვეშინია. ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული – ჩვენ ვართ ეროვნული, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და გამოვდივართ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები