მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროება – აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოკვეთილ გარემოებებზე ისაუბრა. კერძოდ, როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებას საჭიროებს არამხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ, 2012 წლის შემდგომი მოქმედებებიც.
როგორც მან განმარტა, ოპოზიცია მუდმივად დაკავებულია, ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და 2012 წლის შემდეგ მათ მრავალი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აქვთ ჩადენილი, რაც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.
„პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროება. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.
ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა, ამ საკითხზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგებიც გახდეს აგენტურული პარტიების მხილებისა და მათი აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დამატებითი საფუძველი.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საკითხებზე საქართველოს პროკურატურაშიც მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
დაველოდებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგებსაც, რაც არ გამოვრიცხავთ, რომ ასევე გახდეს აგენტურული პარტიების მხილების და მათი აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დამატებითი საფუძველი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.