ირაკლი ქადაგიშვილი – სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, სადაც ნათლად არის გამორკვეული, რომ მმართველების მიერ „თიბისი“ ბანკიდან თაღლითური სქემით იყო გატანილი რამდენიმე მილიონი
„პოლიტიკური მოტივით ხაზარაძის დაპატიმრება არავის ინტერესში არაა, პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოჰყვება, თუ კონკრეტული დანაშაული არსებობს,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სჯობდა, მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე მისულიყო და კითხვებზე პასუხი გაეცა.
„მამუკა ხაზარაძე რა განცხადებას გააკეთებს, ვის ქურდს დაუძახებს და ვის საქმის გამრჩევს, არ ვიცი. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, სადაც ნათლად არის გამორკვეული, რომ მმართველების მიერ „თიბისი“ ბანკიდან თაღლითური სქემით იყო გატანილი რამდენიმე მილიონი. თუ არაფერი საჩოთირო და დასამალი არ არის, საუკეთესო საშუალებაა, რომ კომისიის წინაშე კითხვებზე პასუხები გაეცა. ალბათ, სჯობდა, რომ კომისიის სხდომაზე მისულიყო და კითხვებზე პასუხი გაეცა. მან ამას თავი აარიდა. ე.ი. რაღაც აქვს, რის გამოც არ სურს, რომ კითხვებს პასუხი საჯაროდ გასცეს. ახლა თავის შეცოდების პოლიტიკაზეა გადასული, რომ დააპატიმრებენ. ხაზარაძის დაპატიმრება არავის თვითმიზანი არ არის, პატიმრობა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოჰყვება, თუ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული არსებობს. პოლიტიკური მოტივით მისი დაპატიმრება არავის ინტერესში არ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.