ვლადიმერ ბოჟაძე – ბიძინა ივანიშვილს ვერანაირი სანქცია ვერ გადააფიქრებინებს საკუთარ ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ემსახუროს
“თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შეტანილი ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ძალა ებრძვის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას, რა ძალა ებრძვის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარ გარანტს ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს კითხვები აქვთ არა მხოლოდ მიზეზებთან, რის გამოც შეიძლება დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ასევე რატომ არ დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა 2012 წლამდე ან მიხეილ სააკაშვილი, ან ვანო მერაბიშვილი, ან ზურა ადეიშვილი, ან სისხლიანი რეჟიმის სხვა წარმომადგენლები.
„უსამართლო გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, თემთა პალატა მიუხედავად კონკრეტული დეპუტატების ინიციატივისა, ამ ინიციატივას არ გაითვალისწინებს და არ მიიღებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, ქართული ოცნების“ მიერ 16 იანვარს გავრცელებულ პოლიტსაბჭოს განცხადებაში დეტალურად იყო აღწერილი პროცესის მიმართ პარტიის დამოკიდებულება.
“ევროპარლამენტი როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე რეზოლუციებს იღებდა და ასეთი ხუთი იყო, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ასევე ამას არანაირი შედეგი შეიძლება არ მოჰყვეს და გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა არც მიიღოს. თუმცა, როდესაც სამართლის პრინციპზე ვსაუბრობთ და მთავარი პრინციპი სწორედ ბრიტანეთიდან მომდინარეობდა, აქედან ვიცით ჩვენ სამართლის პრინციპი და ამ პრინციპის დაცვა, თან უკვე არაერთი საუკუნეა. მხარე, რომელიც დასანქცირებას ითხოვს, ადამიანს ბრალს უყენებ და არ აძლევ საშუალებას ან თავი გაიმართლოს, ან მტკიცებულებები წარმოადგინოს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, აქაც ჩანს, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანიც არის, რომ კიდევ ერთხელ შელახონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რაც ყველაზე მთავარია, განახორციელონ სავარაუდო ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე. ეს პროცესი წლებია გრძელდება, ვერანაირი სანქცია ვერც თავის დროზე, ვერც ახლა და ვერც მომავალში ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს საკუთარ ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ემსახუროს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.