ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ქვეყანა ეკონომიკის ნაწილში მიმდინარე წელს საკმაოდ კარგად იწყებს და მისი მოლოდინით, 2025 წელი აღნიშნული მიმართულებით უკეთესი იქნება. ეკონომიკაში არსებული ტენდენციების შესახებ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
“როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობაა ხოლმე, ამას თან ახლავს ქუჩაში გამოსვლები, მათ შორის ძალადობრივი, ბუნებრივია, ასეთი მოვლენები ეკონომიკაზე გავლენას ყოველთვის ახდენს. ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებისას, როდესაც დაძაბული სიტუაციაა, ორივე მხრიდან ფიზიკური დაპირისპირებები იყო, მათ შორის პარლამენტში შევარდნის, ქუჩების გადაწვის მცდელობები, ვნახეთ, რომ ამან პირველ რიგში, გავლენა ტურიზმის სექტორზე მოახდინა. სტატისტიკაც ამას გვიჩვენებდა. როდესაც ქვეყანაში დაძაბულობაა, უცხოელი ტურისტი ასეთ ქვეყანაში არ მიდის. ბუნებრივია, ამ სექტორზე გავლენა დიდია. სხვა სექტორებზე გავლენა შედარებით ნაკლებადაა. იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმის სექტორი ყველაზე სენსიტიურია, პირველი დარტყმები, როგორც წესი, ამ სექტორზე მოდის. ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს. ტურიზმის სექტორის შეფერხების გავლენაც ჩვენს ეკონომიკაზე, ბუნებრივია, ყოველთვის ნეგატიური იქნება. თუ სხვა პარამეტრებს მივყვებით, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა ბიუჯეტში შემოდინებები, გადასახადების ნაწილში შეფერხება არ იყო, შეიძლება, ტურიზმიდან იკლო, მაგრამ სხვა მიმართულებებიდან გაიზარდა. მათ შორის ექსპორტი და იმპორტი გაგვეზარდა. ბუნებრივია, ეს ხელს უწყობს ბიუჯეტში მეტი შემოსავლების ზრდას და ა.შ. ყოველ შემთხვევაში გავლენა გვაქვს, მაგრამ არა ისეთი საგანგაშო, რომ ამან გარკვეულწილად ჩვენს საერთო მაკროეკონომიკურ სურათზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. აღვნიშნავ, რომ წელი საკმაოდ კარგად დავხურეთ. ბოლო ორთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მაინც პოზიტიური წელი იყო, ეკონომიკის ნაწილში მიმდინარე წელსაც საკმაოდ კარგად ვიწყებთ. ვფიქრობ, 2025 წელი უკეთესი იქნება. მიუხედავად მცდელობებისა, რომელიც ახალია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად კვლავ გამძაფრდეს სიტუაცია, ვფიქრობ, ეს უფრო ხანმოკლე იქნება, პოლიტიკური დაძაბულობის სურათი უფრო მალე დასრულდება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უფრო კარგად განვითარებას ბუნებრივად შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება სანქციების თემას: ზოგადად, სანქცია ისეთი ტერმინია, მისი გაჟღერებითაც საზოგადოებაში უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს. ბოლო 2-3 წლიან პერიოდში რომ გადავხედოთ, ეს სანქციები რუტინული გახდა. სამყარომ სანქციებთან ერთად ცხოვრება ისწავლა. არაერთი პირი არათუ ჩვენთან, არამედ მსოფლიო მასშტაბით დასანქცირებულია, მათ შორის არიან პირები, რომლებიც რამდენჯერმე დასანქცირდნენ, ეს პირები შემდეგ სასამართლოს წესით სანქციებს იხსნიან ხოლმე, როდესაც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არიან დასანქცირებულები და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; მათ შორის ასეთ პირებს სანქციებს იმ ქვეყნების სასამართლოებიც უხსნიან, თუ მათ მიმართავენ. ჩვენს შემთხვევაში ეს სანქციები პერსონალურია და არ არის განზოგადებული, ქვეყნის მასშტაბით. ამ თვალსაზრისით ნაკლებად ველოდები, რომ ეს ჩვენს ეკონომიკაზე რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს. სანქცირებული რამდენიმე პიროვნება გვყავს, მაგრამ ამ სანქციებს ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა ვერ მოუხდენია, კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარების კარგი ტემპიც გვაქვს. ასეთი ტემპის შენარჩუნება ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად დაასტაბილურებს”- განაცხადა ანგურიძემ.
ეკონომისტი ეროვნული ბანკის ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით, 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს.
“სექტემბერ-ოქტომბერში გვქონდა შემთხვევა, როდესაც ლარის კურსი გაუფასურდა არა ფაქტორების გავლენის გამო. გაუფასურების მცდელობა ერთჯერადი ტრანზაქციების და აჟიოტაჟის, არასწორი მოლოდინების შექმნის შედეგად იყო, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდთან იყო დაკავშირებული. ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დახარჯა და ამაზე საკმაოდ დიდი სკანდალები იყო ატეხილი, გარკვეული ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებებს ამ ინფორმაციით იწყებდნენ, “ფეისბუქი” აჭრელებული იყო, რომ ეროვნული ბანკი თითქოს იქცევა, რეზერვებს არამიზნობრივად ხარჯავს და ა.შ. მაგრამ, მოცემულობა იმგვარი გვქონდა, რომ ლარის გაუფასურებას მაკროეკონომიკური სურათი არ იძლეოდა. ამ გაუფასურებას ყველა შემთხვევაში მოკლევადიანი ტრენდი ექნებოდა და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტრენდს ფასებსა და მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არ მოეხდინა, ეროვნულმა ბანკმა თავისი მანდატით ლარის კურსი მოკლევადიანი რყევებისგან ხელოვნურად დაიჭირა. როგორც კი არჩევნები დასრულდა, ვითარება შეიცვალა, პირიქით, ეროვნულ ბანკს შეექმნა იმის შესაძლებლობა, რომ დოლარი ისევ შეესყიდა, რეზერვები ისევ შეევსო. ნოემბერ-დეკემბრის სურათს რომ ვხედავთ, პრაქტიკულად, დღევანდელი მოცემულობით, საერთაშორისო რეზერვები თითქმის 4,5 მილიარდი გვაქვს, ნოემბერში, განსაკუთრებით კი დეკემბერში საკმაოდ კარგად გაიზარდა, თუმცა ამას არავინ აღარ ახსენებს, არც ის ტელევიზიები, არც ის ჟურნალისტები, არც ის პიროვნებები, რომლებიც აჟიოტაჟს ტეხდნენ, რახან ეროვნული ბანკი ამ რეზერვებს ყიდის, ეკონომიკა, ეროვნული ბანკი იქცევაო. დღეს როდესაც პროცესი გაჯანსაღებისკენ მიდის და ეროვნული ბანკი რეზერვებს ავსებს, ამაზე ყურადღებას აღარავინ არ ამახვილებს, არავინ არ ამბობს იმას, რომ ეს ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის შედეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სურათი არ გვექნებოდა, ლარი სექტემბერ-ოქტომბერში ნახტომისებურად გაუფასურდებოდა, შემდეგ გვექნებოდა ის სურათი, რომ მიშვებული ლარის პირობებში ფასები გაიზრდებოდა. პოლიტიკოსებს კარგი შესაძლებლობა მიეცემოდათ, რომ “რევოლუცია” უფრო ორგანიზებულად მოეხდინათ, რისი მცდელობები იყო, არც მალავენ.
დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია, ქვეყანაში ეკონომიკური სურათი სტაბილურობისკენ მიდის, საერთაშორისო რეზერვები იზრდება და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში საერთაშორისო ნაკადებიდან შემოდინებები იზრდება, ტურიზმმა თავის კალაპოტში დაბრუნება, აღდგენა დაიწყო, რაც საერთაშორისო ვალუტის შემოსვლას უწყობს ხელს, ამასთანავე გვეზრდება ექსპორტი, რაც გუშინდელი მონაცემებით ვნახეთ. ეს იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ქვეყანაში მეტი ვალუტა შეიქმნას, ეროვნულ ბანკს მიეცეს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რეზერვები მომავალშიც შეავსოს. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალი წელი იქნება სტაბილური ეკონომიკის პირობებში, მეტი შესაძლებლობებით, რომ საერთაშორისო რეზერვები შეივსოს” – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.