არჩილ გორდულაძე – მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ

„მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ?! – ერთი რომ, ეს მორალურად დასაგმობია და მეორე, ჩემს ქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნები იქნება! თქვენ თვითონვე ადგებით და ჩემს წინააღმდეგ პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვთ, რაშიც აბსოლუტურად მართლები იქნებით“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. აღნიშნულით ის “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ერთი რამ ყველამ გაითავისოს – კანონთან მიმართებით არავითარი ინდულგენცია არ არსებობს და კანონისა და სამართლიანობისთვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული ადამიანი რა თანამდებობას იკავებს და რა საქმიანობით არის დაკავებული.
ყველა ვალდებულია, დაიცვას კანონი და პატივი სცეს იმ საწყისს, რაზეც დემოკრატიული ქვეყანა დგას. დემოკრატიულ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა იყოს და ეს არის ჩვენს ქვეყანაში.
როდესაც სამართალდამცავს ესხმი თავს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პასუხი ყველას დაეკისრება.
ყველამ დაიმახსოვროს, რომ ნებისმიერ ქმედებას და განცხადებას შესაბამისი პასუხისმგებლობა აუცილებლად მოჰყვება” – აცხადებს გორდულაძე.

გორდულაძის მტკიცებით – ეს ადამიანი საკუთარ ქმედებაზე სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.

„ადამიანები, რასაც ვმოქმედებთ და რასაც ვამბობთ, ამაზე ჩვენ სრულად უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი.
მე სასამართლო გადაწყვეტილების შემფასებელი ვერ ვიქნები. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ არის, რომ დამოუკიდებელი სახელისუფლო შტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ ფორმით შეაფასოს. მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურის მიმართვის საფუძველზე? – დიახ, მიიღო! აქვს მხარეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება? – დიახ, აქვს! აქვს მხარეს შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვას? – დიახ, აქვს! შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლები არსებობს – მიმართონ სასამართლოს თუ ნებისმიერ სხვა ორგანოს, რათა საკუთარი პოზიცია დაიცვან და საკუთარი ქმედებებისთვის პასუხი აგონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები