გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიაზე: არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კომისიის საქმიანობას, შედეგად მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი

„არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კომისიის საქმიანობას, შედეგად მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის ცნობილია თუ რამდენად მძიმე საქმეები უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში, კონკრეტული პირების სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთოს.

„ეს კომისია მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს, შეისწავლის საკითხებს, რომელიც სისტემურ დანაშაულებთან არის დაკავშირებული, დადებს დასკვნას, რომელიც იქნება არგუმენტებით და შესაბამისი ფაქტებით გამყარებული და მიღებული გადაწყვეტილებიდან და დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც დადგენილების სახით იქნება მიღებული პარლამენტის მიერ და ეს სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდება, იქ სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აუცილებლად გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისთვის. ამიტომ წინსწრებით, რაიმე კონკრეტულის თქმა ალბათ არ იქნება სწორი თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი იმ სისტემური დანაშაულების შესახებ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებასთან იყო უშუალოდ დაკავშირებული, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კომისიის საქმიანობას, შედეგად მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები