ირაკლი რუხაძე: თუ არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვენ ომში ჩაბმას, მაშინ ყველა მოქმედება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არაფერში ჯდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად იყოს ახსნილი
ეს არის საკმაოდ ძნელი და რთული ისტორია, რომელიც მოყვა პრემიერმა და მე უბრალოდ ვთქვი, რომ შენ თუ თავიდან პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვენ ამ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი, ანუ, მერე ყველანაირი მოქმედება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არაფერში ჯდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პრემიერის და ბიზნესის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მას სჯერა, რომ პროცესები სწორედ ისე ვითარდებოდა, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც ამის არ სჯერა და მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველოს ომში ჩართვაზეა საუბარი, კარგად იყოს ახსნილი, რათა გასაგები გახდეს ის ნაბიჯები, რაც ამის შემდეგ ხელისუფლებამ გადადგა.
„მე ვთქვი, მთელ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა და ეს არაფერში ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის არ გჯერა. ეს ვთქვი მე. ეგ იყო ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი, რომ ეს იყო ურთულესი ისტორია, რომელსაც თქვენ ჰყვებით-მეთქი, ბატონო პრემიერო და მე ზუსტად ვიცი, ამ ოთახში ზის ხალხი, რომელსაც პირველი ნაწილი არ სჯერა. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, კარგები არიან. მე მყავს მეგობრები, პარტნიორები, რომლებთანაც ვკამათობ, რომელთაც შემიძლია ვაჩვენო, აი, შეხედეთ ჰილარი კლინტონმა რა თქვა, აი შეხედე რანდის კორპორაციის დოკუმენტში რა წერია, ნახე აქ რა წერია, იქ რა წერია და მაინც მიჭირს ამის დამტკიცება, რომ ვუთხრა – რა უნდა გვეომა, სამ დღეში დავმარცხდებოდით. ასე თუ გჯერა, მაშინ უკვე იწყებ ფიქრს, რომ რამ გააგიჟა ეს ხალხი, რა სიგიჟეში გამხვიეს, მართლა რა აქვთ ტვინში, მართლა რუსეთში ხომ არ მივყავართ, მარსზე ხომ არ მიმაფრენენ, რა ხდება. ამაზე იყო, რაც მე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ ამ ისტორიას ჰყვებით, ეს პირველი ნაწილი უნდა იყოს კარგად ახსნილი. მე ჩემი მხრიდან შევეცადე და შემიძლია ვილაპარაკო [ამაზე] ძალიან ბევრი, იმიტომ, რომ სულ ვიძახი, ომი რომ დაიწყო უკრაინის, ეს უბედურებაა უკრაინელი ხალხისთვის და ჩვენთვისაც, რადგან ამ ყველაფერმა ეს ქვეყანა ძალიან არია“, – განაცხადა რუხაძემ.