”მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა, რომელსაც აქვს პროგრამა და უზარმაზარი ვალდებულება ხალხის წინაშე” – ვოლსკი
„რეალურად, ხდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა გადაადგმევინონ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კონსტიტუციასაც უპირისპირდება და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ვინაიდან მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს ან მთავრობას არ ამტკიცებს და შესაბამისად ქვეყანა მართვის გარეშე რჩება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს.
თუმცა, მისი თქმით, ეს არ მომხდარა.
“უნდათ, პრეზიდენტი ამ ავანტიურაში ჩართონ, ეს ნიშნავს, რომ საუბარია რევოლუციური სცენარის გარკვეული მიმართულებით გაგრძელების და განვითარების თაობაზე, სხვაზე არაფერზე, ვინაიდან ადამიანები, ვინც ახლა პრეზიდენტის გარშემო არიან შეკრებილი, გუშინ მას უშვერი სიტყვებით აგინებდნენ. პრეზიდენტმა არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და ამ სცენარის განვითარება ყველას ერთად წარმოუდგენია მხოლოდ რევოლუციის გზით. რეალურად ხდება ის, რომ აირჩა პარლამენტი, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა, მთავრობას აქვს პროგრამა და უზარმაზარი ვალდებულება ხალხის წინაშე, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინაშე, რომ ამ ქვეყანაში არ მოხდეს დესტაბილიზაცია. ეს მოცემულობაა და უნდათ მეორე მოცემულობის შექმნა, როდესაც ყველაფერი გაკეთდა, რათა ხალხი, საზოგადოება და სამართალდამცავი სტრუქტურები დაპირისპირებულიყვნენ, მომხდარიყო გადაცდომების გარკვეული ფაქტები, მათ შორის პროვოცირებული პოლიციაზე საშინელი ბრუტალური თავდასხმით. ეს არის მთლიანი სცენარი და ამ სცენარს საზოგადოებამ თვალი უნდა მიადევნოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.