საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 8 წლისაა

  საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 8 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, პოლკოვნიკებმა: რომან ჯოხაძემ და გიორგი კბილცეცხლაშვილმა, ასევე ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა და საქართველოში აკრედიტებულმა უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებმა მიულოცეს.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის შუალედური სამთო მომზადების კურსი ოფიციალურად დასრულდა. კურსი ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) ჩატარდა. სპეციალური სამთო მომზადება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 7-მა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის, ესტონეთის, სომხეთისა და იორდანიის, ასევე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 5-მა მომავალმა ინსტრუქტორმა გაიარა. წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა და თავდაპირველად კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აბულის სამთო პოლიგონზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება ჩაუტარდათ. სწავლების მეორე ფაზაში მსმენელებმა სპეციალური სამთო მომზადება გუდაურში გაიარეს. სამხედროებმა მაღალ მთაში გადაადგილების, დაზარალებულის ძებნა-გადარჩენის, ტექნიკური სრიალის სწავლებები შეისწავლეს. კურსის ფარგლებში, მათ, ასევე, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა განახორციელეს. ცერემონიალის დასასრულს სწავლებაში მონაწილე ქართველმა, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები