15 დეკემბერი ქართველი პოეტის – ანა კალანდაძის დაბადების დღეა
დღეს ანა კალანდაძეს ასი წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ქართული პოეზიის მარადიული დედოფლის, ანა კალანდაძის, უკვდავ ღვაწლსა და სახელს.
„გურამ ასათიანს სჯეროდა, რომ მისი დაბადება ვაჟა-ფშაველამ იწინასწარმეტყველა, როცა დაწერა ბალადა იმაზე, თუ როგორ იქცა გოგონა ჩიტად, როგორ გალობდა მერე ყველა გულნატკენზე, ყველა მოურჩენელ სატკივარზე, როგორ ამრთელებდა თავისი გალობით ყველა ჭრილობას, როგორ იქცა მთელი მისი არსება სინაზისა და სიყვარულის საყვირად…
„ანნა-ბულბული“ – ასე ჰქვია ამ ბალადას. მისი დამწერი თითქოს მართლა გრძნობდა, რომ საქართველოს უთუოდ მოევლინებოდა ასეთი სული“.
პოეტის შესაფასებლად, მრავალი საზომი თუ კრიტერიუმი არსებობს, ყველაზე მკაცრი კი აკაკი გაწერელიას ეკუთვნის. მისი აზრით, ჭეშმარიტი პოეტი ის არის, ვის გარეშეც ცხოვრება გაჭირდებოდა.
ანა კალანდაძე ამ კრიტერიუმს ზედმიწევნით აკმაყოფილებს.
ახალი წელი მოდის და ანა გვახსენდება: „შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“…
8 თებერვალი დადგება და: „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა“…
ნინოობაა და: „მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა“…
დასავლეთით მივდივართ და: „მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები“…
აღმოსავლეთით წავალთ და: „მას ალავერდის დიდებულ ტაძარს, ალაზნის პირას სანთლად ანთებულს“…
ცას ავხედავთ და: „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“…
ერთ ლექსში წერს:
„უბერებელო, დეკემბრისა
როს გაზრობს სუსხი,
კვლავ იფოთლები, იკვირტები
და ვარდებს ისხამ…
ვინ დაგისაზღვროს
შენ საზღვრები,
უსაზღვროებავ,
შენ ხომ მარადის ჩვიდმეტი წლის ხარ“?!
და, მართლაც, ვინ დაუსაზღვროს საზღვრები ანას მარადიულ პოეზიას, რომელიც მთელს საქართველოშია განფენილი და საქართველოსთან ერთად იცოცხლებს“. – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.