მარიამ ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“

ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის ექსპულატაციაში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის მხარე მოტივირებული იყო, რომ პროექტი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებულიყო.

„ეს არის ისტორიული პროექტის ტექნიკური ნაწილის დასასრული. ორივე მხარე მოტივირებულები ვიყავით, რომ ძალიან სწრაფად მომხდარიყო ტექნიკური თუ კომერციული საკითხის ჩახურვა და მოლაპარაკებების დასრულება. მოხარული და ამაყი ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ პროექტის სრულ ექსპლუატაციაში მიღების პროტოკოლს. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში გვექნება უკვე ოფიციალური გახსნა აღნიშნული პროექტის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და აზერბაიჯანისთვის, ასევე, თურქეთის რესპუბლიკისთვის. ეს ნიშნავს, რომ სრულიად ახალი მარშრუტი იხსნება, რომელიც დააკავშირებს ევროპას აზიასთან, მათ შორის დააკავშირებს აზერბაიჯანს-თურქეთთან, საქართველოს-თურქეთთან, თურქეთს-ჩინეთთან და ა.შ. და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლითაც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები