მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას
„აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმებების პაკეტი ფარავს გაზმომარაგებას – გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს, აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტს და ელექტროენერგიის ტრანზიტს, ისევე როგორც უმნიშვნელოვანესი, ფაქტიურად, გაჩერებული პროექტის ოპერირების დაწყებას, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენს გულისხმობს“, – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმებების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში იზრდება ეკონომიკა, ეკონომიკური საქმიანობები და აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად მზარდია გაზის მოხმარებაც.
„სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სრულად დამოკიდებულია იმპორტის საჭიროებაზე, მაგალითად, გასულ წელს სამი მილიარდ ორასი მილიონი კუბური მეტრის მოხმარება მოხდა ჩვენს ქვეყანაში გაზის სექტორში. აქედან გამომდინარე, ყოველთვის გვამოძრავებს სამი ძირითადი ფაქტორი, პირველი – გაზის უწყვეტობა და ტექნიკური გამართულობა, მეორე – კომერციული პირობები, რომელიც განაპირობებს და პირდაპირ ისახება თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ისევე როგორც საწარმოებზე და მესამე — ეს არის დივერსიფიკაცია და დივერსიფიკაციის პოლიტიკა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ყოველთვის სენსიტიური იყო სოციალური გაზმომარაგების საკითხი და სოციალური გაზის ხელშეკრულება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და სასიხარულოა, რომ არსებული ოცწლიანი შეთანხმება, რომელსაც მიმდინარე წელს ეწურება ვადა, გახანგრძლივდა, გაგრძელდა და უკვე ახალი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი უწყვეტი სოციალური გაზი სოციალურ ფასად ჩვენი ქვეყნისთვის.
„ამ შეთანხმებებით, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეთანხმებები კიდევ უფრო მეტად აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას, რადგან საქართველოს გავლით არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გადის, მათ შორის, გაზის და ნავთობის მილსადენები, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ხაზები“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.