მარიამ ქვრივიშვილი: პირდაპირი ფრენები დაიწყება შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, იზრდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა ჩინეთში, ჩინეთის უფრო მეტი მოქალაქე ინტერესდება საქართველოში მოგზაურობით
პირდაპირი ფრენები დაიწყება შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთში საქართველოს მეტი პოპულარიზაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გეგმავს მარკეტინგული კამპანიების გააქტიურებას.
„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ტურიზმი იზრდება ორ ქვეყანას შორის. ბოლო წლების განმავლობაში ორნიშნა ზრდის დინამიკა შეინიშნებოდა. გასული წელს იყო დაახლოებით 44%-იანი ზრდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადების მიმართულებით და სწორედ ეს დინამიკა ისახება ავიაკომპანიების ინტერესის ზრდაშიც. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა.
იზრდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა ჩინეთში. ჩინეთის უფრო მეტი მოქალაქე ინტერესდება საქართველოში მოგზაურობით. ისინი გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.