ერდოღანი: სირიელმა ხალხმა მრავალწლიანი ჩაგვრის რეჟიმი დაამარცხა
ქვეყნის მოსახლეობა წლების მანძილზე არსებული ჩაგვრის რეჟიმისგან გათავისუფლდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში ამჟამად მიმდინარეობს მოვლენები, რომლებსაც შეიძლება, ისტორიული ვუწოდოთ.
„სირიელმა ხალხმა დაამარცხა მრავალწლიანი ჩაგვრის რეჟიმი და გამარჯვებით დააგვირგვინა კეთილშობილური აჯანყება, რომლის დროსაც დაიცვა თავისი თავისუფლება, უფლებები, კანონი და მომავალი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, რეჟიმი, „რომლის შენარჩუნებასაც ტირანი ასადი წლების განმავლობაში ცდილობდა ჩაგვრის, დევნისა და ხოცვა-ჟლეტის გზით, ახლა დაეცა დამასკოს განთავისუფლებით“.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. გუშინ ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია. პუტინმა ასადისთვის ჰუმანიტარული თავშესაფრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.