ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილიც კარგი მაგალითია, თუ რას უშვრება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს, თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში.
„აქტუალური აღარ არის ეს ქალბატონი, დღევანდელ დღეს რომ გამოვაკლებთ, 3 პარასკევი აქვს უკვე დარჩენილი, უფლებამოსილების ვადა ამოეწურება ძალიან მალე, თუმცა მაინც ვიტყვი ერთ რამეს, სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს. ამ ადამიანს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ლიბერალურ ფაშიზმში და სკოლებთან დაკავშირებულ კამპანიაში. როგორც არ უნდა უარყოს მან ამ კამპანიაში ჩართულობა, საჯარო სივრცეში დევს მისი პოსტი, სადაც ის აცხადებდა, რომ სტუდენტები იყვნენ ჩართული აქციებში და ახლა იყო სკოლების ჯერი, თან ის საუბრობდა ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც იმართებოდა თბილისის ქუჩებში. მან პირდაპირ მოუწოდა სკოლის ბავშვებს, ჩართულიყვნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არის უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა. თუმცა, როდესაც ღირსებას აგყრიან, იქ შენგან არავითარი ასეთი ნაბიჯი აღარ არის გასაკვირი, რაც დამართეს სალომე ზურაბიშვილს. მას მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ კი გახდა უცხოელი აგენტი, მაშინვე ბოლომდე აყარეს ღირსება და ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას ამ თვალსაზრისით, რაღაც მომენტში მან ხელი მოაწერა და ხელმოწერის შემდეგ უკან გზა უკვე აღარ არსებობს. როცა ხდები უცხოელი აგენტი, რა თქმა უნდა, იძულებული ხარ, ნებისმიერი დავალება შეასრულო თვალდახუჭულმა. ასე მოხდა სკოლების მიმართ კამპანიის შემთხვევაშიც, ის პირდაპირ ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიაში. რაც შეეხება მისი მხრიდან ამ ძალადობის რომანტიუკლად შეფასებას, ესეც არის იგივეს გაგრძელება. მას არ აქვს დამოუკიდებლობა, ის არის უცხოელი აგენტი, რასაც დაავალებენ, იმას ამბობს. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იკადროს. მას კი არ უხარია ასეთი რამ, უბრალოდ, როცა ხარ უცხოელი აგენტი, რასაც დაგავალებენ, ის უნდა გააკეთო, გეტყვიან, რომ უნდა თქვა ტყუილი, უნდა თქვა ტყუილი, გეტყვიან, რომ უნდა ჩართო სკოლის ბავშვები ძალადობაში, უნდა ჩართო სკოლის ბავშვები ძალადობაში. ეს არის უცხოელი აგენტის ხვედრი. ეს არის მოწოდება, მათ შორის, ყველას მიმართ, ვინც კი შეიძლება გაიფიქროს ასეთი რამ, რომ მომავალში ხელი მოაწეროს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგენტის სტატუსს შეეგუოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და პირველ რიგში, ასეთი რამ, ვისი აგენტიც არ უნდა იყოს, პირდაპირ უკარგავს ადამიანს ღირსებას, რაც ძალიან კარგად არის წარმოჩენილი სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.