Reuters: თუ ისრაელი გატაცებული მძევლების გადარჩენას შეეცდება, “ჰამასი” მძევლების მოკვლით იმუქრება
დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მას ხელში ჩაუვარდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ისრაელი უახლოეს მომავალში 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების გადარჩენის ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.
როგორც Reuters-ი იუწყება, „ჰამასი“ იმუქრება, რომ, თუ ისრაელი ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ის ყველა მძევალს მოკლავს. დაჯგუფებამ მისი ყველა მებრძოლი უკვე გააფრთხილა და მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ისრაელს აკისრებს.
„ჰამასში“ ფიქრობენ, რომ ისრაელი გეგმავს, ივნისში, ღაზაში ნუსეირათის ბანაკში ჩატარებული ოპერაციის მსგავსი მოქმედება განახორციელოს. მაშინ ებრაელმა ჯარისკაცებმა სპეცოპერაციის შედეგად ოთხი მძევალი გაათავისუფლეს. ივნისის ოპერაციას 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.