“ყველა პოლიციელს დაიცავს სახელმწიფო ისევე, როგორც თავის სამშობლოს გმირულად იცავს თითოეული პოლიციელი” – მდინარაძე
„ყველა პოლიციელს, თავისი ჭკუით მორალური ტერორის ქვეშ რომ ამყოფებენ, დაიცავს სახელმწიფო, ისევე – როგორც თავის სამშობლოს გმირულად იცავს თითოეული პოლიციელი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“გამოვა ვიღაც გახარიას დანიშნული და იტყვის, ვიღაცამ დატოვა და ჩამოიშალა შსს. ცოტა ფრთხილად იყვნენ ამ საკითხებთან, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
მე რომ ვთქვა, რომ ევროპის ქვეყნებსაც კი შეშურდებოდა ჰუმანიზმის ის დონე, რაც დაშლის დროს არის, შეიძლება, სასაცილოდ არ ეყოთ. მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამისახელონ ევროპული ქვეყანა სადაც უფრო რბილი ან ჰუმანური მეთოდებით ხდება ძალადობრივი აქციების დაშლა.
კიდევ ვიმეორებ, რომ წაქცეულ ადამიანზე წიხლის, ხელის ან რაიმეს დარტყმას არაფერი ამართლებს და ეს სხვა პოლიციელების და მთლიანად სახელმწიფოს იმიჯსაც არყევს. ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჟურნალისტი იქნება თუ სხვა, როცა ლაპარაკობენ, რომ ეს არ მოსწონთ, ისიც თქვან, რომ პოლიციელებს ცეცხლს, ქვებსა და პიროტექნიკას რომ ესვრიან, ეს არაფერია?!“, – აღნიშნა მდინარაძემ.