მამუკა მდინარაძე: აშშ-ის საელჩო ყოველ დღე საშაირო „ქარდებს” დებს
“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველ დღე რაღაც საშაირო “ქარდებს” დებს. ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ – „მე შაირი არ მინდოდაო“ თუ რა გავაკეთოთ? – მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ისე გაფუჭდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდეს ამის დალაგება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელი მარაზმი ხდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს, როგორც პიროვნების მიმართ, მაგრამ ამ ადამიანს, სამწუხაროდ, რაღაც “ქარდების” დადება უწევს. შაირობა გამოდის უკვე. აშშ-ის საელჩო ყოველ დღე რაღაც საშაირო “ქარდებს” დებს. ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ – „მე შაირი არ მინდოდაო“ თუ რა გავაკეთოთ? აქედან როგორ მოვიქცეთ? საოცრება ხდება, წარმოუდგენელი მარაზმი ხდება. სამწუხაროდ, ამ რიგშია ქართული ჯაშუშური ქსელის მიმართ გამეტებული საჩუქარი რომელიც ზელენსკის ხელით გაუკეთეს მათმა პატრონებმა ქართულ აგენტურულ ოპოზიციას, თუმცა ეს კი არა, უფრო მეტი არ უშველის მათ.
ამ ყველაფრის მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ისე გაფუჭდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდეს ამის დალაგება. ეს არის კუდის მოქნევის მიზეზი, რაც აქამდე არ და ვერ გააკეთეს, ახლა, 20 იანვრამდე ცდილობენ ამის გაკეთებას. ტრამპის ადმინისტრაციას პრინციპულად ვეთანხმებით მთავარ საკითხებში და ისინიც გვეთანხმებიან, რომ ოჯახის საკითხი უალტერნატივოა, ქალი და მამაკაცი არის ქალი და მამაკაცი და არა სხვა გენდერები; ასევე ის, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიული საწყისია – ამაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს. ამ ორმხრივი თანხმობის ფონზე, მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის, რომ მისი დალაგება, მინიმუმ, დროში გაიწელოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.