ბითაძე – უკრაინის სანქციებზე: გასაოცარია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა და მისი მოქმედი პრეზიდენტი იცლის საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებისთვის
“არათუ ბოლო დღეების, არამედ ბოლო წლების და ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის განწირულ მოთხოვნას, რომ რომელიმე უცხოელმა აქტორმა დაასანქციროს ან რაიმე მავნებლური ზომები მიიღოს ამ ქვეყნის მოქალაქეების და თვითონ საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას გამოეხმაურა.
„სანქციები, რომლებიც უკრაინამ დააწესა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არის გადაგდებული ლუკმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის, შეიძლება ითქვას, მათი დამამშვიდებელი პრიზი, თუმცა, გასაოცარია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა, რომლის არათუ ტერიტორიული მთლიანობა, არამედ, მომავალი სამწუხაროდ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, სწორედ უკრაინის მოქმედი ხელისუფლების არასერიოზული ნაბიჯების გამო, რუსეთის ოკუპაციის გათვალისწინებით, გამაოგნებელია, თუ როგორ იცლის უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი საქართველოსთვის და როგორ იცლის იმისთვის, რომ დაასანქციროს საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც გზების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი”, – აღნიშნა ბითაძემ.