გორდულაძე – ოფისების ჩხრეკაზე: ვნახეთ, რომ მოლოტოვის კოქტეილები ჰქონდათ დამზადებული ამ ადამიანებს; ჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით პეტარდები, აირწინაღი

“ძალიან საინტერესოა, რომ, თურმე, პოლიტიკური ანგარიშსწორება ყოფილა პარტიული ოფისებიდან მოლოტოვის კოქტეილების ამოღება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

დეპუტატი გუშინ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს გამოეხმაურა.

“ჩვენ ვნახეთ, რომ მოლოტოვის კოქტეილები ჰქონდათ დამზადებული ამ ადამიანებს; ჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით პეტარდები; ჰქონდათ აირწინაღი თუ სხვადასხვა საშუალება, რომელსაც შემდეგში იყენებდნენ პოლიციელებზე თავდასხმისთვის. ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობები ჰქონდათ და არაერთმა სამართალდამცველმა – 150-ზე მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, – სხეულის დაზიანებები მიიღეს ამა თუ იმ ფორმით.

როდესაც ამბობენ რომ, თურმე, დანაშაული არ უნდა აღიკვეთოს, დამნაშავეებსა და ქვეყნის გადატრიალების მსურველებს ყველაფერი უნდა შერჩეთ და კანონი არ უნდა კანონობდეს, გამოდის, რომ ქვეყანაც აღარ არსებობს – არც კანონმდებლობა.

პოლიტიკაში ყოფნა არ ნიშნავს რაიმე სახის ინდულგენციას. ეს ადამიანები არც პოლიტიკაში არ არიან, რეალურად, შორს არის მათი საქმიანობა პოლიტიკისგან. მათ მხოლოდ თავიანთი პატრონების დავალებების შესრულება და ძალაუფლების ხელში აღება უნდათ, რაც არ გამოსდით, როგორც არ გამოუვიდათ “ნაცმაიდანი”.

რომ არ გამოუვიდათ ახლა “ნაცმაიდანი”, ისევ ხელისუფლებას აბრალებენ, რომ ჩვენს მიმართ პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება დევნაო. რა დევნაზეა საუბარი, როდესაც ოფისიდან ამოიღეს შესაბამისმა პირებმა, მაგალითად, დამზადებული მოლოტოვი, ან მოლოტოვის დასამზადებლად შესაბამისი აალებადი ნივთიერებები?!

ალბათ მოგვეჩვენა, რომ რაც ვნახეთ კადრებში, ბუნებაში არ არსებობს?! ასევე, მოგვეჩვენა, რომ ბურთულებს, ქვებს ესროდნენ [პოლიციას], ათას აალებად ნივთიერებას ასხამდნენ, მათ შორის, ქუჩაში, პარლამენტის სასახლის წინ და მერე პეტარდების გამოყენებით ცეცხლს უკიდებდნენ?! ეს ყველაფერი მოგვეჩვენა და რეალურად არ არსებობს?!

აი, აქამდე, ამ აბსურდამდე არიან ადამიანები მისულები. იქამდეც კი მივიდნენ, რომ პეტარდების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არისო. ზუსტად “ტვ პირველი ამბობდა”, არსებობს არქივები, ზუსტად ეს პირები, 1 წლის წინ ამბობდნენ, რამდენად საშიშია ე.წ. მაშხალების გამოყენება, თუ შესაბამისი წესი არ იქნება დაცული. დღეს გვეუბნებიან, რომ ამათი სროლა პოლიციელების მიმართ ჯანმრთელობისთვის საშიში არ არისო,” – აღნიშნა გორდულაძემ “დღის კურიერში” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები