დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ნოემბერში უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების საშუალო დღიურმა დანაკარგებმა ახალ რეკორდს მიაღწია
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ნოემბერში უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების საშუალო დღიურმა დანაკარგებმა (დაღუპული და დაჭრილი) ახალ რეკორდს მიაღწია.
როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შესაბამის მიმოხილვაშია მითითებული, ნოემბერში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის საშუალო დღიური დანაკარგი 1523 ადამიანი იყო (დაღუპული და დაჭრილი).
გარდა ამისა, 28 ნოემბერს რუსეთის დანაკარგების კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ეს პირველი შემთხვევაა, როცა დღიური მსხვერპლის რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა.
როგორც დაზვერვა იუწყება, მსხვერპლის მაღალი დონე რუსეთის ოპერაციებისა და შეტევების მაღალ ტემპს ასახავს.
„2024 წლის დეკემბერში, მიუხედავად ზამთრის დადგომისა, რუსულ არმიაში დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, დღეში 1000 კაცი იქნება, ხოლო ქვეითთა შეტევები რამდენიმე მიმართულებით გაგრძელდება“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.