“სპეცრაზმელების უმრავლესობა 2008 წლის ომის მონაწილეა, პირადი ინფორმაციის გასაჯაროებით კი ოკუპანტს მათი იდენტიფიცირების საშუალებას აძლევენ, ეს ქვეყნის ღალატია” – ლევან მაჭავარიანი

“სპეცრაზმელების უმრავლესობა 2008 წლის ომის მონაწილეა, პირადი ინფორმაციის გასაჯაროებით კი ოკუპანტს მათი იდენტიფიცირების საშუალებას აძლევენ, ეს ქვეყნის ღალატია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არანაკლები მავნებლობაა.

„ეს არის არანაკლები მავნებლობა, რაც ამ რადიკალებმა ჩაიდინეს, როცა მოწოდება ჰქონდათ, მოდით, პოლიტიკა ბავშვებში შევიტანოთ სკოლებშიო. ეს სპეცრაზმელები ის გმირები არიან, რომლებიც ქვეყანას იცავენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა 2008 წლის ომის მონაწილეა. როცა მათ პირად ინფორმაციას ასაჯაროებ, ოკუპანტსაც აძლევ იმის შესაძლებლობას, რომ იდენტიფიცირება მოახდინონ, თუ ვინ იბრძოდა ომში. ეს ქვეყნის პირდაპირი ღალატია.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისას დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები და ინფორმაცია ვრცელდებოდა, რაც ახლა სპეცრაზმის მიმართ ხდება. ეს მიუღებელი და ამაზრზენია. რადიკალური ოპოზიცია და მათი „ენჯეოები“ ხელს უწყობენ, რომ ეს ყველაფერი უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, თუმცა ამ ყველაფრის პრევენციას მოვახდენთ. ამ შემთხვევაში დამნაშავე არიან არა მხოლოდ რადიკალები და „ენჯეოები“, არამედ გარე აქტორები, ევროპელი პარტნიორები, ვინც ყველაფერს არ გმობენ და რადიკალური ენჯეოების დაფინანსებას აგრძელებენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები