ნიკა მელია: ეს პროცესი არ არის პარტიული პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს უკვე არ სჭირდებათ არანაირი ოფისი, ეს პროცესი არის სახელმწიფოებრივი პროცესი
“ეს პროცესი არ არის პარტიული პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს უკვე არ სჭირდებათ არანაირი ოფისი, ეს პროცესი არის სახელმწიფოებრივი პროცესი, თავისუფლებისთვის, მომავლისთვის ბრძოლაა. ყველა ამ ბრძოლაში საკუთარი სინდისის კარნახით ვართ”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის ჟინი არის ისეთი რამ, რასაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს.
„ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულმა, ხალხის ნების მიმტაცებელმა ე.წ. ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ ის აჩერებს სვლას ევროპისკენ. ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ უპასუხა, რომ ქართველების სვლა ამ გზაზე არის შეუჩერებელი. თავისუფლებისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის ჟინი არის ისეთი რამ, რასაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს და ამ ბრძოლაში ერთმანეთისგან განსხვავებული, ასობით ათასი ადამიანი ჩაერთო. ჩაერთო ღირსებითა და სიმართლით, წინააღმდეგობის ისტორიული ფურცლის დაწერაში, ჩაერთო ერთობის ისტორიული ფურცლის დაწერაში, ჩაერთო შეუპოვრობის ისტორიული ფურცლის დაწერაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად დაწერს დიდი სახელმწიფოებრივი გამარჯვების ისტორიას. გაყალბებული არჩევნების მიტაცების შემდეგ, ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ ღია საბჭოთა რეპრესიები დაიწყო, “ომონის” ჩართულობით, ჩაატარა ჩხრეკა არაერთი ოპოზიციური პარტიის ოფისში, დალუქა ეს ოფისები, დალუქა ინვენტარი, დააკავა ჩვენი მეგობარი თანამებრძოლი, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩხრეკაზე დასწრება უნდოდა, როგორც იურისტს, რისი უფლებაც მას ჰქონდა. გუშინ გვიან ღამით მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიები შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმროში, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიგვეღო, „ტიტუშკების“ მობილიზება მოხდა, ნიღბებით, ისინი იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები, თავს დაგვესხნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ლიდერებს, უბრალო ადამიანებს. რამდენიმე ჩვენმა თანამებრძოლმა, წინააღმდეგობის გაწევის პროცესში, ნიღაბი ჩამოხსნეს ამ „ტიტუშკებს“ და ამ ნიღბების უკან აღმოჩნდნენ მოქმედი ან ყოფილი პოლიციელები… ეს პროცესი არ არის პარტიული პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს უკვე არ სჭირდებათ არანაირი ოფისი, ეს პროცესი არის სახელმწიფოებრივი პროცესი, თავისუფლებისთვის, მომავლისთვის ბრძოლაა. ყველა ამ ბრძოლაში საკუთარი სინდისის კარნახით ვართ“, – განაცხადა მელიამ.