მედია: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პრემიერად სამი თვის წინ დანიშნული ბარნიე ამას დღეს გააკეთებს.

გუშინ, 4 დეკემბერს, საფრანგეთის პარლამენტმა მიშელ ბარნიეს მთავრობას ხმათა უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადა.

1962 წლიდან ეს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პირველი შემთხვევაა. 62 წლის წინ, ეროვნულმა კრებამ უნდობლობა გამოუცხადა ჟორჟ პომპიდუს მთავრობას.

მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორები იყვნენ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე დეპუტატები. მათი პროტესტი მოჰყვა ბარნიეს გადაწყვეტილებას, მთავრობას პარლამენტში განხილვის გარეშე მიეღო სოციალური და სამედიცინო დაზღვევის 2025 წლის შემცირებული ბიუჯეტი.

პარლამენტის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლებას მთავრობას აძლევს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტსაც აქვს უფლება, კენჭისყრაზე დააყენოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად 60 მილიარდი ევროს ეკონომიას გეგმავდა, რასაც ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიუხედავად, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, ბოლო არჩევნებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნები არ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები