გასაგებია, რომ არის ემოციური ფონი, როდესაც ამბობ იმას, რომ რაღაც ეტაპზე ნახევარ ნაბიჯს დგამ უკან იმისთვის, რომ წაიწიო წინ უფრო მეტად. ამას სჭირდება სწორი გაგება საზოგადოების მხრიდან. არავის უთქვამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ჩერდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არავის უთქვამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს რაიმე საფრთხე შეექმნება.
„პირიქით, არაერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს პროცესი წარიმართება კიდევ უფრო მეტად ენერგიულად, კიდევ უფრო მეტად ვიქნებით მობილიზებული, რომ 2028 წლისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული. როდესაც ჩვენ ამას ვამბობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საფუძველს უქმნის საქართველოს ევროკავშირში წევრობას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არაერთხელ გვითქვამს ისიც, რომ ეს შეთანხმება არის უმტკიცესი საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირში წევრობისთვის.
რაც შეეხება უკვე სტატუსებს, იქნება ეს კანდიდატი ქვეყანა, მოლაპარაკებების პროცესში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება შემდეგ წევრი ქვეყანა, ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, თუ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. ის, რომ საქართველო აცხადებს, 2028 წლამდე არ დააყენებს დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის თხოვნას, არ ნიშნავს, რომ მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საქართველო არ შევა მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირთან. ასე, რომ არ უნდა ხდებოდეს მსგავსი სპეკულაციები. ეს გადაწყვეტილებაც არის საქართველოს ინტერესში, ისევ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ინტერესში. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი იქნება იმგვარი, რომ ხშირად მოგვიწიოს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, მსგავს საკითხებთან გამკლავება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ ერთად და არ დავაზიანოთ საბოლოო მიზანი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.