მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გზა ევროკავშირისკენ შეუქცევადია – არც იმის ილუზია გვაქვს რომ, ევროკავშირი 2025 წელს გაფართოვდება
საქართველოს გზა ევროკავშირისკენ შეუქცევადია. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ეს ჩვენი არჩევანია და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს მომზადებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„ეს არის ძალიან ცალსახა განაცხადი საქართველოს მხრიდან. თუმცა როდესაც ხდება ცალკეული პროცესების გამოყენება იმისთვის, რომ გარკვეულწილად დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი და წარმოჩენილი იყოს ისე თითქოს ეს პროცესი გაჩერებულია, ჩვენ რაღაც უნდა ვიღონოთ, იმისთვის, რომ მსგავსი აღქმებისგან, ქმედებებისგან თავი დავიცვათ, რადგან ეს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. ჩვენი მიზანია ევროკავშირში წევრობა, თუმცა არც იმის ილუზია გვაქვს რომ, ევროკავშირი 2025 წელს გაფართოვდება. ვიცით, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მეორე მხრივ, ეს არის პროცესი, რომელიც შეუძლებელია წინ წავიდეს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე. სწორედ ამაშია საქმე – ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ მომზადებას წევრობისთვის და მეორე მხრივ მოველით შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის სწორად წარმართავს და ამ პროცესს არ დააზიანებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.