მაკა ბოჭორიშვილი: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე არ ხდებოდეს სპეკულაციები და ეს ნაბიჯები ემსახურებოდეს საქართველოს რეალურ ინტეგრაციას
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე არ ხდებოდეს სპეკულაციები და ეს ნაბიჯები ემსახურებოდეს საქართველოს რეალურ ინტეგრაციას და გაწევრიანებას ევროკავშირში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის ეუთოს წევრი ქვეყანა და მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან, მის ინსტიტუტებთან ურთიერთობა.
„ეუთოს პლატფორმა ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევის შესახებ იყოს საუბარი. რა თქმა უნდა, ამ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ გამოწვევებზე, რაც აქვს საქართველოს, რუსულ ოკუპაციაზე, იქ არსებულ გამოწვევებზე და ასევე, ვისაუბრებთ იმ ვითარებაზე, რაც არის საქართველოში. ჩვენს განაცხადზე, მისწრაფებებზე, რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს და რა თქმა უნდა იმ სპეკულაციებზე, რომელიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობების თემაზე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საუბარი შეეხება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსაც.
„იცით, რომ ეუთო/ოდირის მისია აკვირდებოდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, საკმაოდ დიდი რაოდენობით დამკვირვებელი, რომლებმაც შეაფასეს არჩევნები. საბოლოო დასკვნას ველოდებით შემდეგ კვირაში, თუმცა გარკვეული შეფასებები უკვე გაკეთდა როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი პირების, ასევე, სხვადასხვა დამკვირვებლის მხრიდან. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ იმ სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ყველაზე მეტ დამკვირვებელს აერთიანებს და არ უნდა ხდებოდეს მათი საქმიანობის უგულებელყოფა, რა ტენდენციებსაც ჩვენ ვხედავთ. ხშირად ხდებიან ხოლმე ისინიც თავდასხმის ობიექტები. საქართველო არის ეუთოს წევრი ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან, მის ინსტიტუტებთან ურთიერთობა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.