მაკა ბოჭორიშვილი: რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება ეუთო/ოდირის უფრო დეტალური დასკვნა და უფრო დეტალურად იქნება გაწერილი რეკომენდაციების ნაწილიც
ძირითადად, პირველადი შეფასებები ხდება-ხოლმე საფუძველი იმ დიდი დასკვნის, რომელიც გამოქვეყნდება რამდენიმე კვირაში ეუთო/ოდირის მიერ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა უკვე იქნება უფრო დეტალური და უფრო დეტალურად იქნება რეკომენდაციების ნაწილიც გაწერილი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე დაელოდებიან რეკომენდაციებს არჩევნებში ხარვეზებთან დაკავშირებით.
„თუ აქამდე ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შეფასებები, ჩვენ ვნახეთ შუალედური დასკვნა, რომელიც ძალიან კარგი იყო და პოზიტიური საქართველოში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე წინასწარი დასკვნა, ახლა ჩვენ დაველოდებით რეკომენდაციებს ხარვეზებთან დაკავშირებით – ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ იდეალურია ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქ იყო გარკვეული ხარვეზები, რაზეც აქცენტებს აკეთებენ დამკვირვებლები, მაგრამ ამას სჭირდება რეკომენდაციები და შემდგომ პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად მუშაობა, რათა თუ რაიმე ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, გადაიდგას ქართული მხრიდან, მაგრამ ეს მოხდეს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.