“ეს აქცია არ არის, აქცია ნაწილობრივ არის, თორემ დანარჩენი არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ – ვოლსკი
“ყველანაირი აქტივობა და ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, მთავარი ამ პროცესში საზოგადოება და მისი მზაობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა, რითაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეტის, საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.
„რასაკვირველია, ყველანაირ აქტივობას, ყველანაირ ინიციატივას უნდა მივესალმოთ, მაგრამ რეალურად იმ პერიოდში, როდესაც გეგმავენ, ვთქვათ, ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოში ჩამოსვლას, საქართველოს საზოგადოება უნდა იყოს მზად, როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე – უმრავლესობა, უმცირესობა, ზუსტად უნდა იცნობდეს სურათს დაახლოებით. ახლა მე წინასწარ ვერ გეტყვით, რით დამთავრდება ეს ვიზიტი.
რამდენი საკითხია, რაზედაც მოლაპარაკება შეიძლება, გაიხსნას – რაზე ვართ მზად, რაზე არ ვართ მზად და ჩვეულებრივ ეს საქმიანი პროცესი აუცილებლად იქნებოდა შეფასებული ყველას მიერ, ისე როგორც მოსახლეობის უმრავლესობამ შეაფასა და მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობამ იმიტომ მისცა ხმა სწორედ, რომ სწორი პოზიციაა საშინაო და საგარეო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. არის ნაწილი, რომელიც ვერ ეგუება დამარცხებას და იგეგმება კონსპირაციული გეგმა, როგორ შეიცვალოს ხელისუფლება და ეს აქცია არ არის, აქცია ნაწილობრივ არის, თორემ დანარჩენი არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ , – აღნიშნა ვოლსკიმ.