აშშ-ში ჯაშუშობის ეჭვით რუსეთის მოქალაქე ქალი დააპატიმრეს

აშშ-ში, ეჭვის საფუძველზე, დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე ნომა ზარუბინა, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბ ინფორმაციას აწვდიდა აშშ-ის სამართალდამცველებს და კავშირებს ინარჩუნებდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან

მედიის ცნობით, ზარუბინას ეს ფაქტი ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილთან აკავშირებს, რომელმაც შეერთებული შტატები დატოვა სამართალდამცავთა მხრიდან დევნის ფონზე.

ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის სასამართლოსთვის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ნოემბრის ბოლოს წარდგენილი ინფორმაციით, ზარუბინა რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა (FSB) 2020 წელს გადაიბირა და ის მოქმედებდა კოდური სახელით “ალისა”.

გავრცელებული ინფორმაციით, ზარუბინა მუშაობდა ჟურნალისტებსა და ექსპერტებს შორის კონტაქტების ქსელის შესაქმნელად და პარალელურად ასრულებდა FSB-ის ოფიცრის დავალებებს.

FBI-ის ცნობით, ზარუბინამ 2021 წელს განზრახ შეიყვანა შეცდომაში აგენტები, როცა რუსეთის დაზვერვასთან ყველანაირი კავშირი უარყო. მისი განცხადებების საპირისპიროდ, ზარუბინა FSB-ის დავალებით მონაწილეობდა ევროპასა და აშშ-ში გამართულ ფორუმებსა და შეხვედრებში.

საქმე ზარუბინას აკავშირებს ელენა ბრენსონთან (იგივე “ჩერმიხი”), “აშშ-ში მყოფი რუსი თანამოქალაქეების საკოორდინაციო საბჭოს” ხელმძღვანელთან, რომელსაც 2022 წელს რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ უკანონო ქმედებების ჩადენის ბრალდება წარედგინა.

ბრენსონი, რომელმაც აშშ მას შემდეგ დატოვა, რაც პოლიციამ ნიუ-იორკში მისი ბინა გაჩხრიკა, ამჟამად, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება. არსებული ეჭვით, იგი ზარუბინას 2016 წლიდან უწევდა ზედამხედველობას.

ზარუბინა საპატიმროდან 25 000 დოლარის ოდენობის გირაოთი გაუშვეს, მას აკრძალული აქვს ნიუ-იორკის დატოვება, რუსეთის ოფიციალურ პირებთან კონტაქტი, ჩამორთმეული აქვს პასპორტი. ზარუბინა ამბობს, რომ გირაო მესამე მხარემ გადაიხადა, თუმცა, გადამხდელის ვინაობას არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები