გორდულაძე – დაგეგმილ დებატებზე: ხალხს ექნება შესაძლებლობა, დაინახოს, მოწინააღმდეგე მხარეს ვინ არიან და რომ მათი მოწოდებები არგუმენტების გარეშეა
“ხალხს ექნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს, მოწინააღმდეგე მხარეს ვინ არიან, რა პოზიციები აქვთ და რომ, რეალურად, მათი მოწოდებები და პოზიციები არგუმენტების გარეშეა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც იმ დისკუსიას გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა შედგეს.
“ისევე, როგორც ეს ქართულ “გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა – ანალოგიურად ნახავს საზოგადოება, თუ სად არის სიმართლე, ვინ დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ვინ ცდილობს, რომ ეს ქვეყანა ჩამოანგრიოს და ის ბნელი წარსული, რაც გვქონდა 2004-2012 წლებში, ისევ უკან დაგვიბრუნოს,“ – აღნიშნა გორდულაძემ.
“ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი თანაგუნდელების – თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი – თინათინ ხიდაშელისა და მიხეილ ჯანელიძის პირისპირ.