“თითოეული ჩვენგანის ინტერესია, რომ თითოეულ ძალადობის ფაქტზე შესაბამისი შედეგი დადგეს” – იონათამიშვილი
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის ნებისმიერ ფაქტზე დადგეს შესაბამისი შედეგი და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძალადობა ვისი მხრიდან, ვის მიმართ არის გამოვლენილი. ეს არის ის პრინციპული პოზიცია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში“ ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, აქციის მონაწილეების მხრიდანაც მიზანმიმართულად მიმდინარეობს სამართალდამცველებზე ძალადობა.
“რა თქმა უნდა, თითოეულ საკითხს სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებების შეკვრა, გამოძიება და ამას ჩვენ დავაკვირდებით. მაგრამ მინდა, მოვუწოდო განსაკუთრებით იმათ, ვინც ახდენს წახალისებასა და ძალადობის პროვოცირებას, ეს თითოეული ჩვენგანისთვის უნდა იყოს კატეგორიულად მიუღებელი.
ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ ერთსა და იმავე პროცესს თვალს, ორგანიზებულად, სისტემურად მიმდინარეობს ძალადობა სამართალდამცველების მისამართით, ეს არის ფაქტი. ვხედავთ, რომ როდესაც იკრიბება აქცია, ამ აქციას არ ჰყავს გამომსვლელები, არ ჰყავს ადამიანები, ვინც აქციის მონაწილეებთან არიან კომუნიკაციაში. მიზანმიმართულად იწყება პიროტექნიკის, ქვების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა სამართალდამცველების მისამართით და შემდეგ აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნილებას.
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, ნებისმიერი ნასროლი ქვა, პიროტექნიკა თუ სხვა მძიმე საგანი სამართალდამცველის მიმართ არის ნასროლი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მშვიდობის საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ამას თითოეული ჩვენგანი დავაკვირდებით, თუ ვინმე ზიანდება მსგავსი ფაქტებით, დაზარალებული პირების შემდეგ, არიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, დაიცვან მართლწესრიგი. თითოეული ჩვენგანის ინტერესია, რომ თითოეულ ძალადობის ფაქტზე შესაბამისი შედეგი დადგეს,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.