ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, მაგრამ მხოლოდ ღირსებით, სამართლიანობით, შანტაჟის გარეშე გავაგრძელებთ სვლას

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხის გამოცდილებამ, რაციონალურმა აზროვნებამ და მოთმინებამ მოგვცა რევოლუციის მეოთხე მცდელობის ჩაგდების შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროინტეგრაცია გრძელდება, არავითარი შეფერხება არ იქნება ევროინტეგრაციის გზაზე.

„ვწუხვართ თუ ვინმემ ჩვენი გზავნილი არასწორად გაიგო, ევროინტეგრაცია გრძელდება, არავითარი შეფერხება არ იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა, ერთი რამ შევახსენო ევროპელ ბიუროკრატებს და პოლიტიკოსებს, მათ შორის იმათ, რომლებიც ხელოვნურად აფერხებენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, დადონ მაგიდაზე მოლაპარაკების გახსნა და იმ დღესვე, იმ წამსვე ვაწერთ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად და სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მომავალშიც ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ საქმიანობას. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, მაგრამ მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ სამართლიანობით, მხოლოდ შანტაჟის გარეშე გავაგრძელებთ სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ერთად უნდა აღვუდგინოთ ევროკავშირს ქართული საზოგადოების თვალში შელახული რეპუტაცია. მე დარწმუნებული ვარ, 20 იანვრის შემდეგ ამ კუთხით გვექნება ძალიან სწრაფი პროგრესი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები