ევროპის კონტინენტს თავს ციკლონი “კირკი” დაატყდა

ატლანტის ოკეანეში მეოთხე კატეგორიის ქარიშხლისგან წარმოქმნილი ექსტრატროპიკული ციკლონი “კირკი” ევროპის კონტინენტზე შემოვიდა.

ციკლონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საგანგებო მზადყოფნა იყო გამოცხადებული.

როგორც გამოცემა Lemonde წერს, „კირკმა“ დასავლეთ ევროპაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ხეები დააზიანა, შემდეგ კი ძლიერი ქარი და წვიმა საფრანგეთს დაატყდა თავს.

პორტუგალიის მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარი 120 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, რის გამოც, მოსალოდნელია შვიდ მეტრამდე ტალღების წარმოქმნა.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში საგანგებო მდგომარეობის ქვედა საფეხური, „ნარინჯისფერი განგაში“ გამოცხადდა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარის სიჩქარე 140 კმ/სთ-ს მიაღწევს.

ბოლო ცნობებით, საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურს “ნარინჯისფერი განგაში” ქვეყნის 30 რეგიონში აქვს გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები