ინდონეზიის ცენტრალურ ნაწილში, კუნძულ სულავესიზე, 16 ივნისს მომხდარმა 6.7 მაგნიტუდის ძლიერმა მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია. ეპიცენტრი ცენტრალური სულავესის პროვინციის დედაქალაქ პალუდან დაახლოებით 43-46 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 38-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.
უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, რელიგიური ობიექტები, სასტუმროები და ხიდები. ასევე დაზიანდა მნიშვნელოვანი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რამაც გადაადგილება გაართულა.
ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიცენტრთან ახლოს მდებარე რამდენიმე რაიონში ზარალის სრული მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა 70-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა.
ინდონეზიის მეტეოროლოგიურმა და გეოფიზიკურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ცუნამის საფრთხე არ არსებობდა.