რობერტ ფიცო ჟურნალისტებს ახალი შეზღუდვების დაწესებით დაემუქრა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მსხვილი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს „სისხლისმსმელი ნაბიჭვრები“ უწოდა და მათ ახალი შეზღუდვების დაწესებით დაემუქრა,- ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.

ფიცომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მმართველ კოალიციაში არსებული დაძაბულობის შესახებ ჰკითხა.

„საპარლამენტო არჩევნების შედეგების პირველივე დღიდან თქვენ ერთი წუთითაც არ მოგვასვენეთ. თქვენ სისხლისმსმელი ნაბიჭვრებივით დაგვესხით თავს. თქვენ თავად კითხულობთ თქვენს სტატიებს? არ მგონია“, – განაცხადა ფიცომ.

როგორც მედია წერს, რობერტ ფიცომ ცალკე გამოყო მსხვილი დამოუკიდებელი სლოვაკური მედიასაშუალებები, რომლებიც მის მთავრობას აკრიტიკებდნენ და რომლებთანაც მას ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვეტილი აქვს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ეროვნული მედია ორგანოს შექმნის იდეას და სანქციების დაწესებას იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მცდარი ინფორმაციის შემცველი სტატიების შესწორებაზე უარს ამბობენ. მისივე თქმით, ყველა ჟურნალისტმა გადამზადების კურსები უნდა გაიაროს .

ეროვნული მედიის მაკონტროლებელი ორგანოს შექმნის იდეას კრიტიკოსები მთავრობის მხრიდან ცენზურისა და მედიის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები